ჩინეთში გამართულ ღვინის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა 
Header Image Promo

ჩინეთში გამართულ ღვინის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა

თარიღი: 2016-03-21

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“ საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა.   

გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი (Xu renqing).  

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგ ქართული კომპანიების ღვინოები: „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თელედა“, GWS და „ბოლერო“. 

სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუში (Luzhou)  ვიზიტის დროს, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შედიოდნენ კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის ვიცე-მერი ლევან ლილუაშვილი. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამავე კვირაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ჩინეთის კიდევ ერთ გამოფენაზე -სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, სადაც 21-26 მარტს ღვინისა და კვების  საერთაშორისო გამოფენა „The 94th China Food & Drinks Fair“ იმართება.

ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).

 

ფოტო გალერეა