ღვინის მაგისტრების ვიზიტი საქართველოში 
Header Image Promo

ღვინის მაგისტრების ვიზიტი საქართველოში

თარიღი: 2016-03-19

საქართველოს 4 დღის განმავლობაში ღვინის მაგისტრების 21-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. მათი ვიზიტი განხორციელდა ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ჯგუფის წევრები მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ და წარმოადგენენ ღვინის მაგისტრების ინსტიტუტს, რომელიც ლონდონშია განთავსებული. ღვინის სფეროში ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა.

ღვინის მაგისტრების ტურის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. მათ მოინახულეს ღვინის კომპანიები, სადაც გაიმართა სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ  საქართველოს ღვინისა და ვაზის კულტურასთან დაკაშირებულ უძველეს ნიმუშებს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში კი დააგემოვნეს იშვიათი ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები.

ოთხდღიანი ტურის ფარგლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა ღვინის მაგისტრების ვიზიტი ალავერდის მონასტერში, სადაც გაეცნენ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტექნოლოგიას, დაათვალიერეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვინის მარანი. აქვე სტუმრებისთვის გაიმართა მონასტრის ღვინოების დეგუსტაცია-პრეზენტაცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ანდრო ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი დონის ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის.

„პირველ რიგში მადლობა ასოციაცია „ქართულ ღვინოს“, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ღვინის მაგისტრები საქართველოში ვიზიტის დროს ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას და ჩვენ მოველით, რომ ამ ვიზიტის შედეგად ქართული ღვინის შესახებ უფორ მეტი ინფორმაციის გავრცელება მოხდება მსოფლიოს მასშტაბით, რაც თავის მხრივ, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას დაეხმარება. ამ მიმართულებით მუშაობა პრიორიტეტულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის“ - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა აღნიშნა, რომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინოებმა მოახდინა.

„ასეთი მნიშვნელოვანი ჯგუფი საქართველოს ჯერ არ წვევია. რასაკვირველია, საქართველოში ვიზიტის დროს მათ უკვე ჩამოუყალიბდათ შთაბეჭდილებები - განსაკუთრებით აღნიშნავენ ქვევრის ღვინოს. სტუმრებზე განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ჯიღაურას სანერგე მეურნეობამ, სადაც გასინჯეს მიკროვინიფიკაციები, რაც ქართველებისთვისაც კი სიახლეა. ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ასეთი მაღალი რანგის ჯგუფი დავაინტერესეთ საქართველოთი. ლონდონში მდებარე ღვინის მაგისტრების სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი ჯგუფი საქართველოს 2 წლის შემდეგ ეწვევა“, - აღნიშნა თინა კეზელმა.

ალავერდის მიტროპოლიტი, მეუფე დავითი, რომელიც სტუმრებს თავად უწევდა მეგზურობას ტაძარში, აცხადებს, რომ ღვინის მაგისტრებს ქვევრის  ღვინო განსაკუთრებით მოეწონათ.

 „საქართველოში ღვინის მაგისტრების ასეთი ჯგუფის ვიზიტი პირველად ხორციელდება. მათი ინტერესი ქვევრის ღვინის მიმართ განუსაზღვრელად დიდია. ალავერდის მარანში სტუმრობის დროს, მათი ინტერესი და კითხვები იყო ამოუწურავი. აქ მიღებული მუხტი, ემოცია და ინფორმაცია მათ საშუალებას აძლევს, რომ თავიანთ ქვეყნებსა და თავის წრეებში ისაუბრონ ქვევრის ღვინოზე და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე“ - აღნიშნა მეუფე დავითმა.

საქართველოში ჩამოსული ღვინის მაგისტრები წარმოადგენდნენ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ფინეთს, სინგაპურს, შვედეთს, აშშ-ს, გერმანიას, სინგაპურსა და ავსტრალიას. ჯგუფს ხელმძღვანელობს ღვინის მაგისტრი აშშ-დან ლიზა გრანიკი.

ღვინის მაგისტრების ვიზიტს მოჰყვება სტატიები მსოფლიო წამყვან ღვინისა და კულინარიის ჟურნალებში, მოხდება საქართველოს ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში, რითაც ხელი შეეწყობა ტურისტებისა და განსაკუთრებით კი ღვინისა და კულინარიის ტურისტების ნაკადის გაზრდას. ღვინის მაგისტრების ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. 

ღვინის მაგისტრი ყველაზე პრესტიჟული წოდებაა ღვინის სფეროში.  მათ სიტყვასა და რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მასშტაბით. ღვინის მაგისტრის სერტიფიკატების გაცემა ინგლისში 60 წლის წინ დაიწყო, ამჟამად კი მსოფლიოს 338 ღვინის მაგისტრი ჰყავს 24 ქვეყანაში. ღვინის მაგისტრის სერტიფიკატს გასცემს დიდი ბრიტანეთის ღვინის მაგისტრების ინსტიტუტი. ამ გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის მიღება რთული და გრძელვადიანი პროცესია. ღვინის მაგისტრები და ამავე დროს ინსტიტუტის წევრები არიან მეღვინეები, მყიდველები, მეცნიერები, სომელიეები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები და სხვა. ღვინის მაგისტრები აფასებენ სხვადასხვა კუთხის და ქვეყნის ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებზე, ხელმძღვანელობენ ღვინის შემსწავლელ კურსებს, უძღვებიან დეგუსტაციებს, აფასებენ მსოფლიო კერძო მარნებს, კონსულტაციას უწევენ სახელმწიფო მარნებს.

გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით, ღვინის მაგისტრები ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებს სტუმრობენ.

 

ვიდეო გალერეა