ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა 
Header Image Promo

ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა

თარიღი: 2016-02-12

2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.

ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უხელმძღვანელებს.

დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2017 წელს ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გამოფენის კონცეფციაზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა ღვინის ცივილიზაციის ცენტრისთვის გადასაცემად საინფორმაციო მასალების და შესაბამისი ლიტერატურის მომზადების და გამოფენაზე წარდსადგენი ღვინის სახეობების შერჩევის საკითხებიც განიხილეს. 

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასოციაცია ,,ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. მასშტაბური კომპლექსის აშენება ქალაქ ბოროდს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 14 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები.