ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2015 წლის მონაცემები 
Header Image Promo

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2015 წლის მონაცემები

თარიღი: 2016-01-05

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 აშშ დოლარს შეადგენს.

წლის დასაწყისში დაფიქსირებული  ექსპორტის მკვეთრი მატება   წლის ბოლომდე შენარჩუნდა ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში, სადაც  ქართული ღვინის ექსპორტის  ზრდამ 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 3% (1 600 302 ბოთლი), რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს. ასევე, ლიტვა - 4% (658 666), ესტონეთი - 54% (506 124), ნიდერლანდები - 58% (51 432), საფრანგეთი - 190% (37 956), დანია - 100% (34 840) და სხვა.

ასევე აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ - 31% (248 075), კანადა - 48% (157 836), იაპონია - 5% (138 290), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში - 79% (185 514), ისრაელში - 48% (35 820), კორეაში - 37% (24 054) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი - 18 308 177, ყაზახეთი - 5 195 949, უკრაინა -    3 412 453, ჩინეთი -   2 672 154 და პოლონეთი - 1 600 302 ბოთლი. 

მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის მიუხედავად, რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-51%) და უკრაინაში (-56%) ექსპორტის მკვეთრი კლება აისახა წლიური ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ითაა შემცირებული. 

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის საერთო მაჩვენებელი შემცირებულია მხოლოდ 2014 და 2013 წლებთან შედარებით, როდესაც რამდენიმეწლიანი ემბარგოს შემდეგ გაიხსნა რუსეთის ბაზარი და ამ ქვეყანაში ექსპორტმა პიკს მიაღწია. მაგალითისთვის, 2012 წელს ექსპორტირებული იყო მხოლოდ 23,3 მლნ ბოთლი ღვინო, 2011 წელს – 19,0 მლნ ბოთლი, 2010 წელს – 14,8 მლნ ბოთლი, 2009 წელს – 10,9 მლნ ბოთლი, 2008  წელს– 12,2 მლნ ბოთლი.

მთლიან რაოდენობაში ყველაზე მეტი ექსპორტირებულია ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ – 5 114 901 ბოთლი, წითელი მშრალი ღვინო „მუკუზანი“ – 1 827 248 ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1 343 232 ბოთლი. ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 651 348 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 348 416 ბოთლი.

ამასთან ერთად, 2015 წელს საქართველოდან 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 266 755 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში  18,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს. 

საქართველოდან მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,9 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი, რაც თანხაში 26,5 მლნ აშშ დოლარია.

გასულ წელს მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 118 890 ბოთლი (0,5 ლ)  ჭაჭა. ეს  კი თანხაში 466,3 ათასი აშშ დოლარია.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წელს 146,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.