ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ანგარიში პარლამენტში 
Header Image Promo

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ანგარიში პარლამენტში

თარიღი: 2015-12-02

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სამი უწყების ხელმძღვანელებს მოუსმინეს. კანონმდებლებს 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა ლალი მაძღარაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას, გიორგი სამანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვასა და ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას უკავშირდება. მან დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა პროგრამების შესრულების მდგომარეობაზე, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს. ამ პროგრამებს შორისაა: ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგი, ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია, მევენახეობის განვითარების პროგრამა, ღვინის ლაბორატორიული კვლევა, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები და სხვა. მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ისეთი რაოდენობის ყურძენი იქნა მოწეული, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდში ჯერ არ დაფიქსირებულა. ყურძნის მწარმოებლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, ხოლო ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

სააგენტო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორცილებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვს, რის შედეგსაც, სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სტაბილურად მზარდი ექსპორტი წარმოადგენს.

ზაზა დოლიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებს ეხებოდა, კერძოდ, სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, ფიტოსანიტარიის და ვეტერინარიის სფეროში განხორციელებულ საქმიანობას და სხვა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და იმ კონკრეტულ ქმედებებზე, სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად და მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ატარებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიის დირექტორმა ლალი მაძღარაშვილმა წარადგინა. საკითხი ეხებოდა ლაბორატორიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებს (ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის კვლევა, მცენარეთა დაავადებებისა და საკარანტინო მავნებლების დიაგნოსტიკა) და ამ სფეროებში მიმდინარე კვლევებს.

კომიტეტის სხდომის მუშაობაში პარლამენტის წევრების გარდა მონაწილეობდნენ მეცნიერები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომის შედეგები შეაჯამა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა, რომლის განცხადებით, წარმოდგენილმა უწყებებმა მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, მართლაც კოლოსალური სამუშაოები განახორციელეს. 

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაციები ცნობად მიიღო.

 

ფოტო გალერეა