ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 
Header Image Promo

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 2015-12-01

ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, კონტროლისა და მათი დაცვის მექანიზმების დახვეწის, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ბრენდინგის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალურ ცენტრ „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქპატენტი“, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტებზე კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. ერთობლივად იმუშავებენ უკვე დარეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკაციების დახვეწასა და განახლებაზე, საქართველოში დაცული ადგილწამორშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მიზნებისთვის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის დაფუძნების წახალისებაზე. 

აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა განპირობებულია, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების მნიშვნელობით, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. 

ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქპატენტი“ უკვე წლების მანძილზე თანამშრომლობენ. ამჟამად დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი და ა.შ.). ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და "საქპატენტმა" დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმა დაიწყო. კერძოდ, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შეიცვალა შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ინსტრუქციები: „ხვანჭკარა“ და „წინანდალი“. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ დარეგისტრირდება დაცული  გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოები -  „ალაზნის ველი“  და „კახეთი“.

 

ფოტო გალერეა