წინანდალში ღვინის ფესტივალი გაიმართება 
Header Image Promo

წინანდალში ღვინის ფესტივალი გაიმართება

თარიღი: 2014-11-19

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და შპს „წინანდლის“ ორგანიზებით, 22 ნოემბერს, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში ღვინის ფესტივალი „ნოემბრის ღვინის ფესტივალი - გიორგობისთვე“ გაიმართება.

აღნიშნული ფესტივალი იმართება პირველად და მასზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ 2014 წლის ღვინოები დააგემოვნონ. რთველი მიმდინარე წელს წარმატებული და გამორჩეული იყო - ღვინის კომპანიებმა 126 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების მაჩვენებლებს.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „ბესინი“, „ვაზი+“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „ქიმერიონი“ და „კახური ღვინის მარანი“. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი მომავალში ტრადიციად გადაიქცევა და შეემატება იმ ღონისძიებების რიგს, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

ღონისძიების დასაწყისი 14.00 საათი, მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი.