ოჯალეშის რთველი დასრულდა 
Header Image Promo

ოჯალეშის რთველი დასრულდა

თარიღი: 2014-10-31

კახეთისა და რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმშიც  დასრულდა - ცაგერის რაიონის მევენახეებმა კერძო ღვინის კომპანიებს ყურძენი შეფერხების გარეშე ჩააბარეს.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, მოსახლეობის მიერ ღვინის კომპანიებზე ჩაბარებულია 94 ტონაზე მეტი ოჯალეშის ჯიშის ყურძენი. ადგილობრივი მოსახლეობისგან ყურძნის მოსავალი მიიღეს შემდეგმა ღვინის კომპანიებმა: „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „შატო ხვანჭკარა“ და GWS.

2014 წლის რთველი წარმატებით განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთო ჯამში გადამუშავდა 119 131 ტონა ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ ლარს გადააჭარბა. (შედარებისთვის: 2013 წელს შემოსავლები 100 მლნ ლარს შეადგენდა)

რთველის ფარგლებში ყველაზე დიდი რაოდენობით გადამუშავდა რქაწითელი - 73 ათას ტონა და საფერავი - 40 ათას ტონამდე. რაჭაში დაიკრიფა 873 ტონაზე მეტი ალექსანდროული და მუჯურეთული.

რთველის პერიოდში ყურძნის ფასიც უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. რთველი 2014-ის ფარგლებში მევენახეებისგან ყურძენს 87 ღვინის მწარმოებელი კომპანია იბარებდა. 

სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესრულდა დანაპირები - მაქსიმალურად მოხდა ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობა.