ქართული ღვინის წარდგენა სლოვაკეთში 
Header Image Promo

ქართული ღვინის წარდგენა სლოვაკეთში

თარიღი: 2014-10-18

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულის (რეზიდენციით ქალაქი კოშიცე) ფრანკო პიგოცის ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა მონაწილეობით 17 ოქტომბერს კოშიცეში „ქართული საღამო“ გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება მიმართული იყო ქართული კულტურის, ტრადიციების, ღვინის, სამზარეულოსა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და წარმოჩენაზე.

მიღების ფარგლებში, ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით, ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქართული მეღვინეობის ტრადიციებისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ, რომელსაც თან ახლდა ქართული ღვინისა და ბრენდის დეგუსტაცია. ასევე, ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობდა ფოტო-გამოფენა „Spectacular Georgia".

სლოვაკეთის მხრიდან აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი რესტორნების მფლობელები, ღვინის ექსპერტები და დისტრიბუტორები, სლოვაკეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ბრენდი, რაც ხელს შეუწყობს სლოვაკეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ამასთან, სტუმრებს შორის იყვნენ ვიშეგრადის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი კარლა ვურსტეროვა, სლოვაკეთში გერმანიის, ბელგიისა და ლატვიის საპატიო კონსულები.