რაჭაში რთველის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო 
Header Image Promo

რაჭაში რთველის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო

თარიღი: 2014-10-11

კახეთის შემდეგ, რთველი რაჭაში მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი დაათვალიერეს და რთველის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

რთველი 2014 რაჭაშიც წარმატებით მიმდინარეობს. ოთარ დანელია მხარის გუბერნატორთან ერთად სოფელ სადმელში კერესელიძეების ოჯახსაც ეწვია. კერესელიძების ოჯახი წელს 3 ტონამდე ყურძნის ჩაბარებას აპირებს.

,,ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა გრძელდება. დარგის ხელშეწყობამ და ჩვენს მიერ გატარებულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ მოსახლეობა ახალი ვენახების გაშენებას იწყებს. ისევე როგორც კახეთში, რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს. მევენახეემა 600 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე ჩააბარეს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100-150 ტონა ყურძენია ჩასაბარებელი. გვინდა ავღნიშნოთ, რომ არცერთ მევენახეს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მინისტრი საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილესთან იური ნოზაძესთან ერთად ბუგეულის ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მევენახეებისგან მოისმინა. ოთარ დანელიამ მათ რაჭაში რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების გარანტია მისცა.

ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა 5 ოქტომბერს გახსნა. აღნიშნული შტაბი რთველის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს. შტაბის წევრები ხელს უწყობენ რაჭის რეგიონის მევენახეებს, ორგანიზებულად მოახდინონ ყურძნის რეალიზაცია.

,,რაჭაში რთველი მალე დასრულდება. რამდენიმე დღეში მოსავალი სრულად დაიკრიფება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ყურძნის ჯიშების სისუფთავე, რაც იმის გარანტია იქნება, რომ მომხმარებელი ნამდვილი ხვანჭკარის შეძენას შეძლებს. რაც შეეხება ფასს, შარშანდელი რეკორდული ფასები წელსაც შენარჩუნდა. ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, ფასიც მაღალია - 1 კგ-ს ფასი 8 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამ ეტაპზე რაჭის რეგიონში ყურძენს 14 ღვინის კომპანია იბარებს. 11 ოქტომბრის მონაცემებით რაჭაში მოკრეფილია 600 ტონაზე მეტი ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული), მოსახლეობის შემოსავლებმა 5 მლნ ლარს მიაღწია.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ.

რთველის მიმდინარეობის პერიოდში, ამოქმედდა ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: rtveli2014@georgianwine.gov.ge