სტუდენტები რთველში 
Header Image Promo

სტუდენტები რთველში

თარიღი: 2014-09-29

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტმა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, თამარ დიღმელიშვილის ოჯახის რთველში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდების დახმარებით ამ დღეს 15 ტონამდე რქაწითელის ჯიშის ყურძენი მოიკრიფა. რთველის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნები - „თელიანი ველი“, „თბილღვინო“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) დაათვალიერეს, სადაც ადგილზე გაეცნენ ყურძნის ჩაბარებისა და წარმოების პროცესს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ახალგაზრდული მოძრაობის პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფი, სადაც გაერთიანებული არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი მართავს ლექცია-სემინარებს და შეხვედრებს შემდეგ თემებზე: ქართული ღვინის კულტურა და ისტორია, ვაზის ჯიშები, მევენახეობის ზოგადი საფუძვლები, ღვინის დაყენება და მოხმარების კულტურა, ენოლოგია და ქართული ღვინის კულტურის უძველესი საფუძვლები და სხვა. ამასთან, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ვაზის დარგვასა და მოვლაში, ღვინის ტურიზმის ლოკაციის დასუფთავებაში, რთველის პროცესში, ფესტივალებში, დეგუსტაციებსა და გამოფენებში.

მსგავსი ინიციატივა უზრუნველყოფს მომავალი თაობების განათლებას და მათი ინიციატივების გააქტიურებას მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებაში, წახალისებული იქნება სტუდენტების წარმატებული იდეები და განათლების ხელშეწყობა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

ფოტო გალერეა