ქართული ღვინის დეგუსტაცია შენჟენში გაიმართა 
Header Image Promo

ქართული ღვინის დეგუსტაცია შენჟენში გაიმართა

თარიღი: 2015-11-18

ჩინეთის ქალაქ შენჟენში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი დისტრიბიუტორი,იმპორტიორი, ღვინის სპეციალისტი და მოყვარული დაესწრო. ღონისძიება ორგანიზებული იყო პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის მიერ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიები: „ბესინი“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ბატონო“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „ასკანელი ძმები“.

დეგუსტაციას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრა ქართული ღვინის კომპანიებსა და დეგისტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის, სადაც განხილული იყო ჩინეთში ქართული ღვინის დამკვიდრების შესაძლებლობები და პერსპექტივები. შეხვედრას უძღვებოდა საერთაშორისო გამოფენა „Interwine Guangzhou”-ს დირექტორი რიტა ჯია (Rita Jia).

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. განვლილი 10 თვის მანძილზე ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო. ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით დაფიქსირდა  ექსპორტის მკვეთრი,  87%-იანი მატება.