დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეფორმა 
Header Image Promo

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეფორმა

თარიღი: 2015-11-19

სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ  დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმა დაიწყო. კერძოდ, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შეიცვალა შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ინსტრუქციები: „ხვანჭკარა“ და „წინანდალი“. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ დარეგისტრირდება დაცული  გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოები -  „ალაზნის ველი“  და „კახეთი“. (იხილეთ ბმული ფაილები)

აღნიშნული ცვლილებები გასაცნობად გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს და შეთანხმების შემდეგ გადაეცემა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ რეგისტრაციაში გასატარებლად.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ღვინის ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, ღვინის დამზადების სპეციფიკური მეთოდები და შეზღუდვები, შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრები, ყურძნის და ღვინის მაქსიმალური საჰექტარო გამოსავლიანობა, ვაზის ჯიში ან ჯიშები, რომლისგანაც მზადდება ღვინო, კავშირი გეოგრაფიულ ადგილსა და ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს შორის, მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება.