ქვევრის ღვინო და იაპონური სამზარეულოს ტანდემი 
Header Image Promo

ქვევრის ღვინო და იაპონური სამზარეულოს ტანდემი

თარიღი: 2015-10-03

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სამუშაო ვიზიტით მილანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე საერთაშორისო გამოფენაზე ,,Expo Milano 2015” იმყოფებოდა,  სადაც იაპონიის პავილიონი დაათვალიერეა და პავილიონის დირექტორს, ჰიროტო კობაიაშის შეხვდა.

იაპონიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მილანის გამოფენის ,,Expo Milano 2015” ფარგლებში ქართული ქვევრის ღვინისა და იაპონური სამზარეულოს (ვაშოკუ) პოპულარიზაციის ერთობლივი საღამო გაიმართა.  აღსანიშნავია, რომ იაპონურ სამზარეულოს, ქართული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის მსგავსად UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საღამოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.

ქართული ქვევრის ღვინისა და იაპონური სამზარეულოს შეხამების ღონისძიება, რომელიც  მილანში, რესტორნებისთვის განკუთვნილ პრესტიჟულ ცენტრში გაიმართა,  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და იაპონიის    სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის საპარლამენტო მდივანმა, იოკო ნაკაგავამ გახსნეს.

,,ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელშეწყობით, მილანის ცენტრში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.  იაპონური სამზარეულო მთელს მსოფლიოში ცნობილი და პოპულარულია, შესაბამისად მისი ქართულ ღვინოსთან შეხამება და შემდგომში ამ კომბინაციის დამკვიდრება, ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. 

2 ქვეყნის ტრადიციული კულტურის - ღვინისა და სამზარეულოს  შეხამების იდეა, იაპონელ ცნობილ  შეფ-მზარეულის, ზაიუ ჰასეგავას ეკუთვნის.

,,როდესაც პირველად გავსინჯე ქართული ღვინო, ვიგრძენი არაჩვეულებრივი გემო, წარმოუდგენელი არომატები.  მივხვდი, რომ იაპონურ სამზარეულოს  ძალიან მოუხდებოდა, რადგან  ქართული ღვინისა და იაპონური სამზარეულოს  საგემოვნო თვისებები ძალიან გავს და უხდება ერთმანეთს. ქართული ღვინის დაგემოვნებისას  გრძნობ, რომ მასაც ისეთივე უძველესი, ძლიერი ტრადიცია აქვს,  როგორც იაპონურ სამზარეულოს და ეს, მსოფლიოს უნდა გავუზიაროთ“,  - აღნიშნა იაპონელმა შეფ-მზარეულმა ზაიუ ჰასეგავამ.

მილანში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა ანსამბლ ,,შვიდკაცას“ მიერ შესრულებული ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ფონზე გაიმართა. სტუმრებს ქვევრზე და ქვევრის ღვინო  მერაბ კოკოჩაშვილს მიერ  გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნახვის საშუალებაც მიეცათ.  ღონისძიებას იტალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სარესტორნო ბიზნესისა და მილანის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.