რთველი რაჭაში გრძელდება, კახეთში კი დასასრულს მიუახლოვდა 
Header Image Promo

რთველი რაჭაში გრძელდება, კახეთში კი დასასრულს მიუახლოვდა

თარიღი: 2015-10-16

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი შეფერხების გარეშე გრძელდება. 16 ოქტომბრის 14.00 საათის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა 681 ტონამდე ყურძენი, მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული 678 ტონა.  სულ ყურძენი ღვინის კომპანიებს 1100-მდე ადგილობრივმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 3,4 მლნ ლარს მიაღწია.

კერძო კომპანიებთან ერთად, სახელმწიფო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისგან ყურძენს 6 პუნქტში იბარებს, რომლებიც დილის 08.00 საათიდან საღამოს 19.00 საათამდე მუშაობს. დღევანდელ დღეს მოსახლეობისგან ყურძენს 7 ღვინის კერძო კომპანია იბარებს. რაჭაში რთველის პროცესში ჩართვის მიზნით, სულ დარეგისტრირდა 20-მდე კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანია.

რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთში, სადაც 135 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებელი. მოსახლეობის შემოსავლებმა აქ 95 მლნ ლარს გადააჭარბა. 

კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი კვირას, 18 ოქტომბერს დაიხურება, თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი კახეთის რეგიონში იმ დრომდე დარჩება, ვიდრე ყურძნის მოსავალი ბოლომდე არ დაბინავდება.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.