ჩინური მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლების ტური საქართველოში 
Header Image Promo

ჩინური მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლების ტური საქართველოში

თარიღი: 2015-10-12

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინური მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ერთკვირიანი ღვინის ტური მოეწყო.   15-კაციანი დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ კახეთში მდებარე ღვინის კომპანიები და შეხვედროდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე მეღვინეებს. სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი შეხვდნენ.

სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს 4 ოქტომბერს  გამართულ „ქართული ღვინის დღეში“ და დაესწრნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ღვინის ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს. კახეთში, ღვინის კომპანიებში მათ დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. სტუმრები გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ამოავლეს ჩურჩხელები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და ჭაჭა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მათზე ქვევრის ღვინომ მოახდინა.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთის და უკრაინის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 1,5 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 90%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.