ქართული ღვინის დეგუსტაცია აშშ-ში 
Header Image Promo

ქართული ღვინის დეგუსტაცია აშშ-ში

თარიღი: 2015-10-08

ქართული ღვინის დეგუსტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ)  ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ოქტომბრის თვეში ამერიკის მასშტაბით ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას - „ოქტომბერი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“. 

ნიუ-იორკში გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციის პარალელურად გაიმართა სემინარი ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

დეგუსტაციას 100-ზე მეტი, ხოლო ქართული ღვინის სემინარს  - 35 ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი და ღვინის მწერალი დაესწრო.

პიარ-კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციები 13 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში და 19 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართება.

აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასულ წლებში ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში მეტი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებულია 181 937 ბოთლი ღვინო, რაც 39%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

ფოტო გალერეა