კახეთში ღვინის 24-მა საწარმომ რქაწითელის გადამუშავება დაიწყო 
Header Image Promo

კახეთში ღვინის 24-მა საწარმომ რქაწითელის გადამუშავება დაიწყო

თარიღი: 2014-09-16

კახეთის რეგიონში ღვინის 24-მა ქარხანამ რქაწითელის ჯიშის ყურძნის გადამუშავება დაიწყო. მათ შორის, ერთი სახელმწიფო ღვინის კომპანია - „გრუზვინპრომია“. 15 სექტემბერს სულ გადამუშავდა 1,038 ათასი ტონა რქაწითელი. გასული ღამის განმავლობაში, 16 სექტემბრის დღის 11.00 საათის მონაცემებით გადამუშავდა 243 ტონა რქაწითელი.

კახეთში ამჟამად სხვადასხვა ჯიშის ყურძენს სულ 35 ღვინის ქარხანა იბარებს. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65-მა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა,  სულ რეგისტრირებულია 87 კომპანია. 

16 სექტემბრის 11.00 საათის მონაცემებით გადამუშავებულია 46 ათასამდე ტონა ყურძენი. მათ შორის, 17 ათასი ტონა რქაწითელი, 27,1 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

მოსახლეობის შემოსავლებმა ამ დროისთვის უკვე 77 მლნ ლარს გადააჭარბა. (შედარებისთვის: 2013 წელს კახეთში მთლიანად რთველის დასრულების შედეგად მოსახლეობის შემოსავლები 100 მლნ ლარი იყო). რთველის სტატისტიკა რაიონების მიხედვით:

1. ყვარელი - 13,1 ათასი ტონა;
2. გურჯაანი - 11,1 ათასი ტონა;
3. თელავი - 11,1 ათასი ტონა;
4. სიღნაღი - 6,1 ათასი ტონა;
5. დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა;
6. ახმეტა - 1,9 ათასი ტონა;
7. საგარეჯო - 1,1 ათასი ტონა;
8. ლაგოდეხი - 1, 1 ათასი ტონა.

სააგენტოს განახლებულ ვებ-გვერდზე http://georgianwine.gov.ge/statistic/ ონლაინ-რეჟიმში შესაძლებელია რთველის სტატისტიკის გაცნობა გეოგრაფიისა და ყურძნის ჯიშების მიხედვით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ გურჯაანში 20 აგვისტოს გახსნა. შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება.
ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის გათვალისწინებით, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრს, საფერავზე კი - 15 თეთრს შეადგენს.
რთველთან დაკავშირებით მუშაობს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.