სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო 
Header Image Promo

სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო

თარიღი: 2015-09-28

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში ყურძნის ჩაბარების პროცესს, მთელი ღამის განმავლობაში ეცნობოდნენ. 

ოთარ დანელია ყურძნის მიღების პროცესს როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ქარხნებში დაესწრო. მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტში კომპანია - სს „ახმეტის ღვინის ქარხის“ ახლად გახსნილ საწარმოებში იმყოფებოდა და ყურძნის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ოთარ დანელია რთველის მიმდინარეობის შესახებ ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს და ღვინის საწარმოს ხელმძღვანელსაც გაესაუბრა და რიგებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მინისტრის განცხადებით, რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, რაც ბუნებრივად განაპირობებს ღვინის კომპანიებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა ნაკადის ზრდას. ამიტომ, მნიშვნელოვანია საწარმოებმა მაქსიმალურად ორგანიზებულად მოახდინონ ყურძნის მიღება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. 27 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 75 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კი 45 მლნ ლარს გადააჭარბა.