ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადება 
Header Image Promo

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადება

თარიღი: 2014-09-03

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელდა ინფორმაცია ყურძნის ფასის კლებასთან დაკავშირებით, რასაც მევენახეების მხრიდან უკმაყოფილება და აქციების გამართვა მოჰყვა. იმ დროს, როდესაც ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა ისედაც შეამცირა მოსავალი და მისი ხარისხი, რთველის პროცესის შეფერხება და ჩაშლის მცდელობა საბოტაჟის სახეს იღებს. ეს კი, ყველაზე მეტად აზარალებს კახელ მევენახეებს. ჩნდება ეჭვი, რომ ხომ არაა ეს პროცესი ხელოვნურად მართული.
წლევანდელი რთველის პერიოდში ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალია და ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს. შარშანდელთან შედარებით საფერავის ფასი 50 %-ით მეტია. ამასთან, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მოსახლეობას დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პრობლემაც არ ექმნებათ. აქედან გამომდინარე, მევენახეების მხრიდან ფასის გაპროტესტება და რთველის შეფერხება გაუმართლებელია.
რამდენიმე დღის წინ მართლაც დაფიქსირდა საფერავის განსაკუთრებით მაღალი ფასი - 2.35 ლარი, თუმცა შემდეგ ფასმა დაიწია და 1.5 ლარი შეადგინა. ყურძნის მაღალი ფასი საბოლოოდ წარმოებული პროდუქციის ფასს გაზრდის და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას შეამცირებს. გამომდინარე აქედან, ღვინის მწარმოებლები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას რა ფასად და რა რაოდენობის ყურძენი შეისყიდონ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში, თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს და კერძო სექტორის კონკურენტი ხდებოდა.
სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მევენახეებს, აგროვადების დაცვით მოახდინონ ყურძნის კრეფა და ნუ შეაფერხებენ რთველის პროცესს. ასეთი გვალვის პირობებში, ყოველი დამატებითი დღე ყურძნის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს, რაც მის ფასზეც აისახება.
რთველის პროცესი, მიუხედავად ამისა მიდის შეუფერხებლად, გუშინდელი რიცხვით 1700 ტონა ყურძენი გადამუშავდა.