რთველი აქტიურ ფაზაში შედის 
Header Image Promo

რთველი აქტიურ ფაზაში შედის

თარიღი: 2014-08-31

კახეთში 33 ღვინის კომპანია მევენახეებისგან ყურძენს შეუფერხებლად იბარებს. ამ დროისათვის ინდუსტრიულად გადამუშავებულია 5 ათას ტონამდე ყურძენი.
„რთველის პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზებულად მიმდინარეობს. გლეხები კონდიციურ ყურძენს უპრეცედენტოდ მაღალ ფასებში აბარებენ. ვინაიდან წელს საფერავზე მოთხოვნა გაცილებით აჭარბებდა მიწოდებას, ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, ხარისხიან წითელ ყურძენში ქარხნები მაღალ ფასს იხდიან“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.
სააგენტოს განახლებულ ვებ-გვერდზე http://georgianwine.gov.ge/statistic/ ონლაინ-რეჟიმში შესაძლებელია რთველის სტატისტიკის გაცნობა გეოგრაფიისა და ყურძნის ჯიშების მიხედვით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ გურჯაანში 20 აგვისტოს გახსნა. შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება.
ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის გათვალისწინებით, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე და კახურ მწვანეზე 35 თეთრს, საფერავზე კი - 15 თეთრს შეადგენს.
რთველთან დაკავშირებით მუშაობს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე: rtveli2014@georgianwine.gov.ge