ჩინელი ჟურნალისტების ტური საქართველოში 
Header Image Promo

ჩინელი ჟურნალისტების ტური საქართველოში

თარიღი: 2015-09-18

ჩინური მედიის წარმომადგენლებს კახეთში,  რთველში,  ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარება“-მ უმასპინძლა. ჩინეთიდან 30-მდე ჟურნალისტი საქართველოს 16 სექტემბერს ეწვია. მედია-ტურის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და აბრეშუმის გზის ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.  

ჟურნალისტებმა თავად დაკრიფეს და დაწურეს "მეღვინეობა ხარება"-ს ვენახებში ყურძენი, გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ამოავლეს ჩურჩხელები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და ჭაჭა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი (Yue Bin).

ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში და განსაკუთრებით მიმდინარე წელს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, ღრმავდება კონტაქტები ორ ქვეყანას შორის მაღალ დონეზე. 

"ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ჩინეთს, სადაც შედგა შეხვდრა ორ პრემიერს შორის. მხარეებმა განიხილეს და მიაღწიეს შეთანხმებებს მთელ რიგ საკითხებზე. ჩინეთი არის საქართველოსთვის მესამე სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი. სწრაფად ვითარდება ჰუმანიტარული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. გახშირდა კონტაქტები მედიას შორის - ამჟამად ჩამოსულია 30-მდე ჩინელი ჟურნალისტი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ძალისხმევით ბევრი მასალა გამოქვეყნდება საქართველოზე და ჩინეთის მოქალაქეები უკეთ გაიცნობენ საქართველოს, მის ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებს, მის მეღვინეობას,  საქართველოს ხომ ღვინის სამშობლოა" - განაცხადა ელჩმა.

როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანიის უფროსმა თონგ ძიენ შენგმა აღნიშნა, ამ რაოდენობი ჟურნალისტი ერთად პირველად არის საქართველოში. 

"მათ საკუთარი თვალით ნახეს ვენახი, ღვინის ქარხნები, თავად დაწურეს ყურძენი -  ეს იწვევს ძალიან დიდი ემოციებს. როდესაც დაბრუნდებიან ჩინეთში, ისინი ყველას მოუყვებინ და დაწერენ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ. ასეთი შეხვდერები გავლენას ახდენს ქართული ღვინის ექსპორტზე, რადგან ჩინეთში ბევრმა არ იცის ქართული ღვინის შესახებ. ჩინეთში უნდა გაიზარდოს ქართული ღვინის რეკლამირება, რაც გაზრდის ღვინის ექსპორტს. ჩვენს ტურში არის ღვინის მწერალი, რომელიც დაწერს ქართული ღვინის შესახებ, რომელმაც ბევრი ახალი გაიგო ქართული ღვინის შესახებ" - აღნიშნა მან. მისი თქმით,  ჩინეთში განსაკუთრებით უყვართ ქართული წითელი ღვინო. 

ჟურნალისტების ტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი უმნიშვმელოვანესი ბაზარია.

"ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ რეგიონზე. ვგულისხმობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, სადაც იყიდება ყველაზე ბევრი ქართული ღვინო. ჩვენი მიზანია, რომ ქართული ღვინო ცნობადი გახდეს სხვა, ახალ ბაზრებზე, სადაც გვაქვს პოტენციალი. ამ მხრივ, ჩინეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე აშშ, პოლონეთი, სადაც იზრდება ჩვენი გაყიდვები. კიდევ ბევრი გვაქვს ჩინეთშიც გასაკეთებელი, რომ ქართული ღვინის ცნობადობა გაიზარდოს. ამის პოტენციალი ჩინეთში არის" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ჩინელი ჟურნალისტების ტური 10 დღე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც სტუმრები საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებენ.  ჩინეთის მხრიდან ჟურნალისტების ვიზიტს ორგანიზება  ქართული ღვინის ერთ-ერთმა იმპორტიორმა კომპანიამ (Xinjiang Beifangjianda Trade Co. Ltd) და ჩინეთში “ქართლი ღვინის პოპულარიზაციის ცენტრმა” გაუწია. 

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთის და უკრაინისა შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

ვიდეო გალერეა