ჩინელი ჟურნალისტების ტური საქართველოში 
Header Image Promo

ჩინელი ჟურნალისტების ტური საქართველოში

თარიღი: 2015-09-16

საქართველოს ჩინეთიდან 28 ჟურნალისტი ეწვია. მედია-ტურის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და აბრეშუმის გზის ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა ჩინეთის მოსახლეობისათვის ფოტო-რეპორტაჟების, ვიდეო მასალისა და ბეჭდური მედიის საშუალებით.

ჟურნალისტები ჩინეთის ტელევიზიების, გაზეთების, ჟურნალების, რადიოსა და სოციალური ქსელის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საქართველოს შესახებ მოამზადებენ და ჩინეთის მასშტაბით გაავრცელებენ მასალას, როგორც კულტურულ-ისტორიულ, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის თემებზე.

ჟურნალისტების ტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. ჩინეთის მხრიდან ჟურნალისტების ვიზიტს ორგანიზება  ქართული ღვინის ერთ-ერთმა იმპორტიორმა კომპანიამ (Xinjiang Beifangjianda Trade Co. Ltd) და ჩინეთში “ქართლი ღვინის პოპულარიზაციის ცენტრმა” გაუწია. 28 კაციან მედია ჯუფს თავად კომპანიის ხელმძღვანელი თონგ ძიენ შენგი ხელმძღვანელობს.

ჩინელი ჟურნალისტების ტური 10 დღე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც სტუმრები საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.  ჩინური მედიის წარმომადგენლებს ყვარელში,  რთველში  კომპანია „მეღვინეობა ხარება“ უმასპინძლებს. იგეგმება ჩინელი ჟურნალისტების მედია-შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში. 

ქართული ღვინის ექსპორტისათვის აღმოსავლეთ აზიის, მათ შორის, ჩინეთის ბაზარი, ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. ეს ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთის და უკრაინისა შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.