ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრა თბილისში 
Header Image Promo

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრა თბილისში

თარიღი: 2014-08-25

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria Hotel“-ში, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) პლენარული შეხვედრა გახსნა. ღონისძიება 25-26 აგვისტოს თბილისში გაიმართება და მასზე ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, ხოლო 27 აგვისტოს მისი მონაწილეები კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებს ეწვევიან.
„დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - საქართველოში იმართება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წლიური შეხვედრა. ამ ჯგუფის წევრები არიან ღვინით ვაჭრობის ისეთი მნიშვნელოვანი წამყვანი ქვეყნები, რომლებთანაც საქართველო ზრუნავს გააფართოვოს საექსპორტო ბაზრები, მათ შორისაა აშშ, კანადა, ჩინეთი და სხვა ქვეყნები“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
WWTG -ის თავმჯდომარეობის პერიოდში მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტოა. საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.
„დღვანდელ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ სააგენტოს გააჩნია კარგი საერთაშორისო თანამშრომლობა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, აამაღლოს ქართული ღვინის ცნობადობა, და შესაბამისად, ღვინის ექსპორტის ზრდა. საქართველოს საშუალება აქვს კარგი კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებთან, ვაჩვენოთ მათ საქართველოს ღვინის მზარდი ინდუსტრია, დააგემოვნონ ქართული ღვინოები და დარწმუნდნენ მის ხარისხში“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.
WWTG-ს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო წარმართავს ყველა მაღალი დონის საერთაშორისო მოლაპარაკებას ღვინით ვაჭრობის სფეროში.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) სახელმწიფოთა არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის მიზანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებაა.
WWTG-ს პლენარულ შეხვედრას ჯგუფის წევრი ქვეყნების (აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საქართველო) სამთავრობო და კერძო სტრუქტურების მაღალი რანგის და ასევე WWTG-ს დამკვირვებელი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი ესწრება. ისინი სავაჭრო მოლაპარაკებების, რეგულაციებისა და ბარიერების საკითხებს, ტრადიციულ ტერმინებს, წევრი ქვეყნების მიერ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების მიმდინარეობას და სხვა საკითხებს განიხილავენ.
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა მიმდინარე წლის აპრილში ერთი წლის ვადით გახდა. თავმჯდომარეობის აშშ-დან საქართველოზე გადმობარების ცერემონიალი 10-11 აპრილს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებულ WWTG-ს ყოველწლიურ შუასასესიო შეხვედრაზე გაიმართა.

 

ფოტო გალერეა