უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 
Header Image Promo

უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

თარიღი: 2014-08-09

მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც უკრაინის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე ნიკოლაი პოედინოკი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის, ღვინისა და ღვინომასალების წარმოების კონტროლის სისტემის და სერთიფიცირების მეთოდების გაცნობა, ევროკავშირის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანის გამოცდილების გაზიარება და დარგთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვაა.

ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ორი პრეზენტაცია: ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული „მეღვინეობის ხარისხის კონტროლის სისტემა და კანონმდებლობა" და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაცია - „ღვინისა და ღვინომასალების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი". შეხვედრის განმავლობაში უკრაინელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველი კოლეგებისგან ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე მიეღოთ პასუხი.

„ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანია გამოცდილების გაზიარება იმ სფეროებში, რომლებსაც საქართველოში განვითარების მდიდარი ტრადიცია აქვს. ჩვენი ინტერესი ძირითადად მიმართულია მეღვინეობა-მევენახეობაზე", - განაცხადა ნიკოლაი პოედინოკმა.

"უკრაინელ სტუმრებს აინტერესებთ ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის გაცნობა. ჩვენ ორი დღის განმავლობაში გავაცნობთ მათ, თუ როგორაა საქართველოში ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემა ორგანიზებული, როგორ ხდება მისი ადმინისტრირება, გვექნება ვიზიტები ლაბორატორიებში და ღვინის ქარხნებში, სადაც უკრაინელი კოლეგები წარმოდგენას შეიქმნიან საქართველოში გატარებულ რეფორმებზე" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უკრაინის დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პირადად დაათვალიერებინა მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, სადაც ვაზისა და ხილის ადგილობრივი და ევროპული ჯიშების უნიკალური კოლექციაა დაცული. სტუმრებმა დაათვალიერეს ვირუსების ტესტირების თანამედროვე ლაპორატორია, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება ვაზისა და ხეხილის ფიტოსანიტარიული კონტროლი. ასევე გაიმართა ადგილზე დამზდებული ღვინის დეგუსტაცია.

„საქართველოსა და უკრაინას შორის ტრადიციულად ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. ამის ნათელი დასტურია ჩვენი უკრაინელი კოლეგების ეს ვიზიტი. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ვუმასპინძლებთ საქართველოში უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და უკრაინის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტს შორის. აღნიშნული მემორანდუმი ორ უწყებას შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

უკრაინელმა სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად კახეთში ღვინის ქარხნები „ქინძმარაულის მარანი", „შუმი", „შუხმანი" და „მეღვინეობა ხარება" დაათვალიერეს.