Header Image Promo

საკანონმდებლო ცვლილებები

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სრულყოფილად ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი კომისია, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები აქტიურად მუშაობენ ნოვაციური საკანონმდებლო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაზე.

სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოში დასრულდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში.

ცვლილებების მიზანი ამ კანონის სრულყოფა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. კანონში შეტანილი ხელს შეუწყობს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებას, ადგილობრივი მრავალსაუკუნოვანი ქართული ვაზის ჯიშების, მეღვინეობის ქართული ტრადიციული მეთოდების გავრცელებასა და პოპულარიზაციას, მაღალხარისხიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, საქართველოში ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნებასა და ზრდას.

2016 წელი

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, ჩაატარა გაფართოებული შეხვედრა, „ასოციაცია ქართული ღვინისა“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მონაწილეობითა და მათი აქტიური ჩართულობით. კანონპროექტის ჩანაწერების თაობაზე გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები აისახა პროექტის ტექსტში, რომლის პლენარულ სხდომებზე განხილვაც 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. 

ღვინის ეროვნული სააგენტომ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის დასახელებების, ასევე მასთან დაკავშირებული აღნიშვნების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტების აღკვეთასთან და პრევენციასთან დაკავშირებით. 

საქართველოს მთავრობისგან მიღებული მანდატის ფარგლებში სააგენტომ უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტში შეიტანა განაცხადი უკრაინელი მწარმოებლის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ პროდუქციაზე უკანონოდ იყენებდა და იყენებს ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებას, ასევე რომლის მიმართაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მის მიერ ღვინის ეტიკეტებზე დატანილ აღნიშვნებს შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებაში. სააგენტოს ძალისხმევის შედეგად უკრაინაში ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. 

ასევე, უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროსთან კომუნიკაციით შედეგად უკრაინაში არ დამკაყოფილდა მწარმოებელთა განაცხადები ისეთი ტექნოლოგიური ინსტურქციების შეთანხმების თაობაზე, რომელთა დასახელებები ახდენდნენ ქართული ღვინის დასახელებების იმიტაციას. 

სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენთან“ აქტიური თანამშრომლობით, უზრუნველყოფილ იქნა სან-ფრანცისკოს ღვინის სკოლის მიერ სასაქონლო ნიშნის „cradle of wine”-ის არამართლზომიერი გამოყენების აღკვეთის პრევენცია.  

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახლებების დაცვის მიზნით, სააგენტო ჩართული იყო არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაში, მათ შორის „საქპატენტის“ მიერ ჩინეთსა და რუსეთში სარეგისტრაციო პროცედურების განხორციელების პროცესში, რომლის შედეგადაც მოხდა ჩინეთში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის - „ჭაჭის“, ხოლო რუსეთში ქართული ღვინის 6 ადგილწარმოშობის დასახელების („ხვანჭკარა“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „ტვიში“, „ახაშენი“) რეგისტრაცია.   

ქართული ღვინის ბრენდ-სახელების დაცვის, მათ შორის დასახელებების კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა მოხსენებები გააკეთა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (The World Intellectual Property Organization - WIPO) წარმომადგენელთათვის, ასევე მონაწილეობა მიიღო WIPO- სა და „საქპატენტის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - „ბრენდინგის სტრატეგიები“, სადაც საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გააკეთა პრეზენტაცია ქართული ღვინის ბრენდ სახელების დაცვის საკითხებზე.