!მიმდინარეობს საიტის განახლება

ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებს დაუჭირა მხარი

ზოგადი

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებს დაუჭირა მხარი
28.04.2017

 აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა კანონპროექტის მომზადების საკითხი. 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მოქმედი კანონი, რომელიც 1998 წელს მიიღეს, ბევრი მიმართულებით მოძველდა და თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ცვლილებების ძირითადი არსი ისაა, რომ იგი საერთაშორისო კანონმდებლობას დაუახლოვდეს.  „დღეს მევენახეობა-მეღვინეობა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის ერთმნიშვნელოვნადაა გამოკვეთილი და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

ნოდარ კერესელიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის არაერთი ტერმინია განმარტებული, ასევე არაერთი ძირითადი პრინციპია ჩამოყალიბებული, ის ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არ არის ადაპტირებული საერთაშორისო ტერმინებზე, რაც ხშირ შემთხვევაში, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ექსპორტ-იმპორტისთვის ბარიერს ქმნის.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ღვინის კლასიფიკაციის თავში - შემოდის ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის განმარტებები. ცვლილებები შედის ეტიკეტირების წესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეჯერდა და კანონპროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით ჩამოსასხმელი ღვინის გატანა ექსპორტზე აიკრძალება, რაც კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი ღვინის ექსპორტს შეუწყობს ხელს და ფალსიფიკაციის ბარიერი გახდება.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ასევე კერძო სექტორთან მოხდა შეთანხმება და, შესაბამისად, დეგუსტაცია კანონით ყველა საექსპორტო ღვინოზე გავრცელდება. დღემდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის იყო სავალდებულო.

შემდეგ კი, კანონპროექტის თაობაზე დეტალური განმარტებები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა გააკეთა, რომლის თქმით, კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას, წინ უძღოდა დარგის წარმომადგენლებთან მისი საჯარო განხილვები. კანონპროექტშიც სწორედ მათი წინადადებით შევიდა საექსპორტო ღვინის აუცილებელი დეგუსტაციის საკითხიც.

ამგვარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებები შემუშავებულია მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ,,ენოლოგიური პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსის“ (2015 წლის გამოცემა), ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) - ,,მემორანდუმი სერტიფიცირების მოთხოვნების შესახებ“ (სანტიაგო, 2011 წლის 20 ოქტომბერი) ძირითად მოთხოვნების შესაბამისად და ,,სასოფლო-სამეურნეო ბაზრების და გარკვეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სპეციალური დებულებების (ერთიანი ბაზრის რეგულირების)“ შესახებ 2009 წლის №491 ევრო რეგლამენტის, ასევე 2008 წლის №110 ევრო რეგლამენტის გათვალისწინებით.

დღესვე მეორე მოსმენით განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი - „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“. 

საკითხის გამოტანისას, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ კომიტეტთან შეთანხმება მიღწეულია და კანონპროექტში გათვალისწინებულია კომიტეტის წევრების მხრიდან გამოთქმული რამდენიმე არსებითი ხასიათის შენიშვნა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მთავარ გამოწვევად დღეს სწორედ პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა იქცა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის შემთხვევაში, რაც იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ წარმატებული მეურნეობები ვიქონიოთ. გარდა ამისა, კანონპროექტის მომზადება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებიდანაც გამომდინარეობს, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა კანონპროექტს და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მის გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

ქართული ღვინო